ღვთის წყალობით, ავღანეთში ომი დასრულდა

„თალიბანის“ პრესსპიკერი მუჰამედ ნაიმი აცხადებს, რომ ავღანეთში ომი დასრულდა.

”დღეს დიდი დღეა ავღანელი ხალხისთვის და მოჯაჰედებისთვის. მათ დაინახეს იმის ნაყოფი, რასაც 20 წლის განმავლობაში ეწირებოდნენ. ღვთის წყალობით, ჩვენს ქვეყანაში ომი დასრულდა. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც გვსურდა – ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. არავის მივცემთ უფლებას, გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია ვინმეზე თავდასხმის მიზნით და არ გვსურს, ზიანი მივაყენოთ სხვას,“- განაცხადა მუჰამედ ნაიმმა ტელეკომპანია ალ-ჯაზირასთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, „თალიბანს“ იზოლაციაში ცხოვრება არ სურს და მმართველობის ტიპისა და რეჟიმის ფორმის შესახებ მალე გახდება ცნობილი.

“ჩვენ ვთხოვთ ყველა ქვეყანას, დაჯდეს ჩვენთან ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად”, – აღნიშნა ნაიმმა.

მისივე თქმით, „თალიბანი“ მოქალაქეებისა და დიპლომატების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, გუშინ თალიბები ქაბულში შევიდნენ და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და განმარტა, რომ ასე სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მოიქცა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დღეს დილით განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს თითქმის ყველა თანამშრომელი, მათ შორის ელჩი როს უილსონი, ქაბულის აეროპორტშია გადაყვანილი და საელჩოს შენობიდან ამერიკის დროშა ჩამოხსნილია. ამასთან, აეროპორტში ასობით ავღანელი, მათ შორის ქალები და ბავშვები, ელოდება თვითმფრინავის რეისს ქვეყნის დასატოვებლად. სხვადასხვა წყაროს ცნობით, აეროპორტში მყოფ ადამიანებს შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლაც მოხდა ადგილების სიმცირის გამო.

წყარო