“კალაძე შეჯიბრის დაწყების წინ ფავორიტია, არ მგონია, ოპოზიციის ძლიერება მერობის საერთო კანდიდატში იყოს”

“გირჩის” წევრი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს “ის შანსები აქვს, რაც აქამდე ჰქონდა”. ამის შესახებ ხვიჩიამ პირველ არხთან განაცხადა.

“საწყის ეტაპზე, შეჯიბრის დაწყების წინ ფავორიტია და ფავორიტად დარჩება, თუ ოპოზიციამ რაიმე არ მოიფიქრა და ის ტაქტიკა არ შეცვალა, რაც ახლა მიმართულია იქით, რომ შევარჩიოთ უკეთესი ადამიანი ნაცვლად იმისა, რომ შევარჩიოთ უკეთესი იდეა მოწინააღმდეგის მიმართ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ვიდრე ოპოზიცია ამ ტაქტიკით იმუშავებს, კალაძე ფავორიტად დარჩება.

“ვიდრე ეს ტაქტიკა მუშაობს და ოპოზიცია სხვა რამეზე არ ფიქრობს, კალაძე ფავორიტად დარჩება. „ქართული ოცნებისთვის“ 43 პროცენტის აღება მარტივი არ იქნება, მიუხედავად იმისა, კალაძე იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი. მთავარია არა კონკრეტული ადამიანი, ვინც კალაძეს დაუპირისპირდება, არამედ იდეა, რითაც ოპოზიციიდან მისი მოწინააღმდეგე იქნება. არ მგონია, რომ ძლიერება საერთო ოპოზიციურ კანდიდატში იყოს, პირიქითაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

წყარო