ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის

საქართველო ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა რეგიონში, ამიტომ რუსეთის ქმედებები შეშფოთების მიზეზიუნდა გახდეს, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი გამოცემა Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, სადაც ის ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრასა და აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში რამდენიმე დღის წინ გამართულ ვიზიტზე საუბრობს.

“გასულ კვირას აღმოსავლეთ ევროპაში გავემგზავრე სენატორების მცირე, ორპარტიულ ჯგუფთან ერთად, რომ შევხვედროდი უკრაინის, ლიტვისა და საქართველოს ლიდერებს. ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აშშ-ის საიმედო მოკავშირეები გახდნენ, რადგან მათ მოქალაქეებს სურდათ დემოკრატიული მომავალი მეტი თავისუფლებით და კეთილდღეობით. მაგრამ მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. რაც ამ მოგზაურობის დროს ყველაზე შემაშფოთებლად მეჩვენა, იყო ამ ახალგაზრდა დემოკრატიების დესტაბილიზაციისკენ მიმართული რუსეთის განახლებული მცდელობა. თითოეული მათგანი რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის წინაშე დგას, მათ შორის საზღვრებზე სამხედრო საფრთხეები, კიბერშეტევები და პოლიტიკური დეზინფორმაციული კამპანიები. უკრაინასა და საქართველოში რუსეთი განაგრძობს უკანონოდ ანექსირებული ტერიტორიების ოკუპაციას და მილიტარიზაციას,“- წერს ამერიკელი სენატორი.

მისი თქმით, საქართველო რეგიონში შტატების ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და შტატებმა ხელი უნდა შეუწყოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს უკრაინისა და საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ დადებული პირობის შესრულებას.

„საქართველოში ყოფნის დროს, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ვესტუმრე და უშუალოდ გავხდი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის და უკანონო ანექსიის ლეგიტიმაციის მიზნით „ბორდერიზაციის“ მცდელობების მოწმე. საქართველო ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა რეგიონში, ამიტომ რუსეთის ქმედებები შეშფოთების მიზეზი უნდა გახდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სხვა ლიდერებთან შეხვედრისას, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ თანამშრომლობის აუცილებლობა საარჩევნო, სასამართლო და ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად, რაც უფრო უსაფრთხო მომავლისთვისაა საჭირო. როგორც უკრაინის შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის და ხელი უნდა შეუწყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული პირობის შესრულებას. ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე დაყენება ხელს შეუწყობს მათ დაცვას რუსეთის აგრესიისგან,“- წერს სენატორი.

წყარო