სალომე სამადაშვილი: მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას …

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მიესალმება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვოს საპატიმრო. მისივე შეფასებით, სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდება შარლ მიშელის დოკუმენტს და პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას.

„მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვოს საპატიმრო. ევროკავშირის თანხმობა, დაფაროს გირაო, ყველაზე ნათელი დასტურია, რომ ის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გამოყენებული. ვწუხვარ, რომ აღდგომის დღესასწაულს ვერ გაატარებს საკუთარ ოჯახთან, თუმცა, იმედი მაქვს, მალე მისი საკნის კარებიც გაიღება. სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდება მიშელის დოკუმენტს და პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის 20-21 ივნისის მოვლენების საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობაა ამნისტიის კანონის შინაარსის თაობაზე. აღნიშნული კომისია, შესაძლოა, ის გამოსავალი იყოს, რომელიც ჩვენც და საზოგადოებასაც შესაძლებლობას მისცემს საფუძვლიანი მსჯელობა გამართოს კანონის მიღებამდე. ეს გადაწყვეტილება დაასრულებს შიდა ოპოზიციურ განხეთქილებასაც, რომელიც აზიანებს საერთო მიზნებს. მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, რომ ამ შეთანხმებით კიდევ ერთი შანსი მისცეს ქვეყანას, პოლიტიკური კრიზისიდან სწორედ იმ გზით გამოვიდეს, რომლითაც უნდა დადიოდეს ევროპული სახელმწიფო“, – წერს სალომე სამადაშვილი ფეისბუქში.

წყარო