ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში დაგეგმილ პროტესტებს, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული, შედეგი არ გამოუღია.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, ახლა მიმდინარეობს ბრძოლა ხელისუფლებისთვის და ოპოზიცია ცდილობს, შექმნილი ვითარებით მაქსიმალური შედეგი მიიღოს.

“მე მგონია რომ ის პოლიტიკური კლასი, რომელიც ახლა ამ აქციებს აანონსებს, ჩემი აზრით, მთავარი შეცდომა ამ ყველაფერში არის ის, რომ დღეს, განსხვავებით წინა პერიოდისგან, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო მხარდაჭერა და მკაფიო გზავნილები, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ.

ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები იშლება საქართველოში ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. მე საერთოდ არ მაქვს კარგი წარმოდგენა ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მსგავსი ტიპის მიტინგებზე. თუ მსგავსი ემოცია ადამიანებში გაჩნდა და მერე პოლიტიკოსები ამ ემოციას შეუერთდნენ, ეს სხვა თემაა, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსები აორგანიზებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად მსგავს აქციებს, ჩემი აზრით, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ის ეწინააღმდეგება იმ რჩევებს, რომელსაც ჩვენ გვაძლევენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

ახლა მიდის ხელისუფლებისთვის ბრძოლა და ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. ხელისუფლება იბრძვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო ოპოზიცია ცდილობს, რომ შექმნილი ვითარებით მაქსიმალური მიიღოს,“ – ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ამბობს, რომ ახლა ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადგას, რომ საზოგადოებას დაარწმუნებს,  რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომა ნამდვილად უნდა.

წყარო