დედა

“ჩემთვის მოგონებები ცხოვრების მორევში ჩაკარგული ცრემლიანი მარგალიტებია, რომლებიც ისე უნდა ამოიყვანო ფსკერიდან შლამი არ ამოჰყვეს” – ლილი ფოფხაძე.

დედა

ჩემი დაკვირვება და ფიქრი დედაზე 5-6 წლიდან დაიწყო. მამას საერთოდ არ ვახსენებდი. არ მახსოვდა. 3 წლის ვიყავი, რომ დაიჭირეს. ჩემს ირგვლივ იმდენი ბავშვი იზრდებოდა უმამოდ, კარგახანს არ მიკითხავს არავისთვის, მამაჩემი სად არის – მეთქი. მე და დედა კი სულ ერთად ვიყავით – ხან სასეირნოდ დავდიოდით, ხან სტუმრად. ერთი უცნაურობა კი შევნიშნე – ქუჩაში დედას უხედავდნენ, თვალს აყოლებდნენ ხოლმე. ეს საშინლად მაღიზიანებდა და დედის  ხელს ჩაფრენილი ვცდილობდი სწრაფად გავცლოდით იქაურობას. კარგა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ დედა მოსწონდათ და იმიტომ უყურებდნენ. აქედან დაიწყო ჩემი ეჭვიანობაც. სადაც კი შევიდოდით, ტრამვაიში, მაღაზიაში თუ აფთიაქში, ყველგან უღიმოდნენ და ქათინაურებს არ იშურებდნენ. მე ვწუხდი, ვწრიალებდი, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. მალე ეჭვიანობა სიამაყეში გადაიზარდა და სიხარულისგან ცას ვეწეოდი ხოლმე, დედა რომ სკოლაში მაკითხავდა. ერთი – ორჯერ მოვატყუე კიდეც, გიბარებენ- მეთქი.                                                                           

მე- 7 კლასში ვიყავი,ჩემი ცხოვრება სასიკეთოდ რომ შემოტრიალდა. უკვე მამობილიც მყავდა და პატარა დაიკოც – გახარებული მოვრბოდი სკოლიდან, ნანიკო რომ გამესეირნებინა. ვცხოვრობდით ზემელზე, ცნობილი აფთიაქის თავზე. ერთი ოთახი თავისი შუშაბანდით ჩვენ გვეკუთვნოდა, მეორე – დიდი ოთახი კი მთელი ამ ფართის ყოფილ მეპატრონეს, რომელსაც ქმარი და ვაჟიშვილი 1937 წელს გადაუსახლეს ციმბირში. სწორედ იმ დღიდან, განაწყენებული ქალბატონი ქეთევანი გადაბრუნდა კედლისკენ, ზურგი აქცია ”უკუღმართ ცხოვრებას” და ლოგინიდან იშვიათად დგებოდა. ვინ იყო მისი მეუღლე, სად მუშაობდა, არ ვიცოდით, მაგრამ ქალბატონი ქეთევანის ოთახი უძვირფასესი სპარსული სამოსითა და ჭურჭლით იყო სავსე. თვალისჩინივით უფრთხილდებოდა შემორჩენილ ქონებას. ბევრი გაჭირვება გადავიტანეო, ამბობდა, მაგრამ ოჯახიდან ჭიქაც არ გამიტანია გასაყიდადო. ოქროს ძაფებით ამოქარგული ფარშევანგებიანი ხალათების ჩაცმა კი ძალიან უყვარდა – გავიდოდა აივანზე,  დასეირნობდა აქეთ-იქით და მეზობლებს ”თვალებს უბრმავებდა”. რაც მარტო დარჩა, ქუჩაში გასული არავის უნახავს და კაბაც არ სცმია. სრულიად ჯანმრთელი გამოეთიშა ცხოვრებას და მდგმურების მოცემული ფულით ირჩენდა თავს. ისე, ძალიან გაუმართლა, მის ბინაში რომ შეგვასახლეს. დედამ მაშინვე იკისრა მარტოხელა ქალის მოვლა-პატრონობა. ლუკმა აღარ გვიჭამია უმისოდ. მალე ახალი მდგმური აიყვანა – სამედიცინო ინსტიტუტის მეორეკურსელი გოგონა და ისიც ჩვენი ოჯახის მეგობარი გახდა. ნანიკოს გაჩენის შემდეგ დედას აღარ უმუშავია და ამ ამბით ქეთევანი ფრიად კმაყოფილი დარჩა.

ერთ საღამოს ვახშამი ოთახში შევუტანეთ და ახალი მდგმური და დედაჩემი ჩვენთან ისხდნენ და ჩაის მიირთმევდნენ. სწორედ ამ დროს შემოესმათ ქეთევანის ხმა: ჰაიტ, თქვე ეშმაკუნებო, რას ჩურჩულებთ მანდ, რას მიმალავთო. ზუსტად ხუთ წუთში შემოვარდა ჩვენთან, ბრჭყვიალა ხალათში გამოწყობილი, და გააფრთხილა ორივე: იცოდეთ, ეს აღარ გაბედოთ, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, მე ყველაფერი უნდა ვიცოდეო…ასე სჯეროდა ქეთევანს,  ასე სწამდა, დედამ იმხელა ამაგი დასდო, ისეთი სითბო აგრძნობინა, რომ უჩვენოდ ცხოვრება ვერც კი წარმოედგინა. საშინლად განიცადა ჩვენი საბურთალოზე გადასვლა. შემდგომ დიდი სიხარული ეწვია – ქმარ- შვილი დაუბრუნდა გადასახლებიდან, მაგრამ უკვე დაუძლურებულს დიდხანს აღარ უცოცხლია.                                                       

20 წელი ვიცხოვრეთ საბურთალოზე. ჩემი შვილები იქ დაიზარდნენ, და თუმცა დედას უამრავი საქმე ჰქონდა, მაინც არ მოისვენა და გვერდით სადარბაზოში მცხოვრები ახალგაზრდა ოჯახი გაიცნო, რომელთა აივანი ჩვენსას ესაზღვრებოდა. 5 თვეში ქმარი დაიჭირეს და ცოლი, რაიონიდან ჩამოსული უდედმამო გოგო დარჩა  მარტოკა პატარა ბავშვით ხელში. დედაჩემმა ძალიან იყოჩაღა და ორი წელი მხარში ამოუდგა ღვთის ანაბარად  დარჩენილ დედა – შვილს. მერე ქმარი გამოუშვეს ციხიდან და თვალით აღარ გვინახავს არცერთი. ერთ დღეს ნანიკო გაეხუმრა დედას, ჩვენი მეზობელი ვნახე გუშინ ეზოში, ბავშვს ასეირნებდა, შენკენ ხომ არ გამოჩენილაო. არა, შვილო, არ გამოჩენილა, მაგრამ აწი ქმარი უდგას გვერდში, არაფერი უჭირსო. ხომ იცი, ნათქვამია- მადლი ქენი, ქვაზე დადე, დაბრუნდები, წინ დაგხვდებაო… ჰოდა, როგორც ვატყობ, შენ მადლი კი არა, ქვაც აღარ დაგხვედრია წინ – ვუთხარი მე. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მე და ნანიკოს დედას ხასიათში სწორედ ეს თვისება გვიყვარდა, გაჭირვებულ ადამიანს გვერდზე არ ჩაუვლიდა, უკანასკნელ ლუკმას გაუყოფდა. 

90 წელს რომ მიუახლოვდა, დედა ეტყობა ბევრს ფიქრობდა ამქვეყნიდან წასვლაზე, არ ვეთმობოდით, თუმცა ამაზე არ საუბრობდა. ერთხელ, 31 დეკემბერს, ნაძვის ხეს ვრთავდით და სათამაშოების ყუთში ნანიკომ წერილი იპოვა.  იგი ასე იწყებოდა: ”შვილებო, თქვენ რომ ამ წერილს წაიკითხავთ, მე ცოცხალი აღარ ვიქნები…” ამ დროს თალალა (ასე ვეძახდით თამროს) საცივს აკეთებდა და მობრძანდითო, დაუძახეს. მოვიდა და პატარა გოგოსავით დამორცხვებულმა ჩაქინდრა თავი, მდუმარედ მოისმინა ჩვენი საყვედური და პირობა მოგვცა, გამოვსწორდებიო. ისე, ცოტა ხანში აღიარა, რომ ამგვარ წერილებს ამ ბოლო წლებში. ყოველთვის დებდა სათამაშოების ყუთში, მაგრამ 31 დეკემბერი გათენდებოდა თუ არა, წერილს იღებდა და ხევდა. ბოლოს დაუმატა, ახლა ხომ ხედავთ, მახსოვრობამ მიღალატა და თქვენ პირში ჩემი მტერი ჩავარდესო… დედა კარგახანია აღარ არის. ჩვენ წლები მოგვემატა და მშვენივრად ვხვდებით, რომ სიკვდილზე ფიქრი სიბერეს შლეიფივით მოსდევს… ციფრები, დაუნდობელი ციფრები ისედაც ამბობენ სათქმელს…         

დედა 89 წლის წავიდა  ამქვეყნიდან. ხშირად მესიზმრება. მაგრამ გულს მტკენს, ახლოს არ მოდის, არ მეკარება. კიდევ ბევრი რამ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მე გავჩუმდები. ჩემზე უკეთ სხვა იტყვის….                                    .                                                                                                       

”რაა, დედი, ამ ბოლო დროს სულ საფლავზე გხედავენ!

ბებოჩემი, პაპაჩემი შენ თავს შემომედავენ,                              

 და თუ მაინც წაგიყვანეს, თუ გაუწყრათ გამჩენი,                  

  კიბეს ხომ ვერ ამომაწვდი როგორც ხეზე გარჩენილს…   

   ჩამოვყვები კიბეს, დედი, სისხლიანი ფეხებით,                       

  დედა, როგორ გავიხარებთ, როგორ გადავეხვევით!”.                                                                

          ბესიკ ხარანაული

წყარო