ბოკერია: ტექნიკურად აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და მიხვდეს, რომ ქვეყანაში ახალი, ნორმალური არჩევნები დანიშნოს.

„ტექნიკურად აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მანამდე კი, უნდა მოხდეს შეთანხმება იმ წესების შეცვლაზე, რამაც ნაწილობრივ ამ კრიზისამდე მიგვიყვანა. მარტო თამარ ჟვანიას საკითხს კი არ ვგულისხმობ, მთელი რიგი საკითხებია, პოლიტპატიმრების გათავისუფლებით დაწყებული. როცა გონს მოვა ივანიშვილი, რომ ამ მიმართულებით წასვლა ერთადერთი გზა არის, მერე ვისაუბრებთ ტექნიკურად, როგორც მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ საკითხის ისე დასმა, ამ პარლამენტში შევიდეს ვინმე და მერე ვნახოთ, იქნება არჩევნები თუ არაო, ეგ გამორიცხულია.

ივანიშვილს ჩვენი ნდობა ნული აქვს, რადგან გამოცდილება გვაქვს. მთავარი არის ახალი, ნორმალური არჩევნების დანიშვნა, თამარ ჟვანიას მოხსნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არა მხოლოდ ოპოზიციის გამარჯვების, არამედ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საკითხია. ეს არ ესმით ჯერ, მაგრამ პერსონალურად ივანიშვილისთვის გადარჩენის საკითხიცაა, ოღონდ ამას ჯერ ვერ ხვდებიან“,-განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, რაც მალე შეცვლის ხელისუფლება საკუთარ პოზიციას, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.

„ამ შემთხვევაში ნიშნის მოგების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი საფრთხე შეუქმნეს ქვეყანას და საკუთარ მომავალსაც, რაც დროზე შეცვლიან თავის პრინციპულ პოზიციას, მით უკეთესი ქვეყნისთვის და მათთვის. ამიტომ, ახლა დროა ჩართული ასე, როდის მოვა გონს ივანიშვილი. გამოსავალი არის ნორმალური, ახალი არჩევნები“,-განაცხადა ბოკერიამ.

წყარო