სესიაშვილი: …ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითაც გეტყვით, რომ ამ დამნაშავეს პოლიცია აუცილებლად დააკავებს

დღეში დაახლოებით 100-150 დანაშაული ხდება და თუ მედია ყველას გააშუქებს, მერწმუნეთ, რომ მოსახლეობა ქუჩაში აღარ გავა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

“ძალიან რთულია მოსახლეობას ესაუბრო კრიმინოგენურ მდგომარეობაზე, როდესაც ყოველდღიურად ეთერში უყურებს სხვადასხვა ფაქტს, მათ შორის მკვლელობას, ძარცვას, ყაჩაღობას და ა.შ. არის სტატისტიკა, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ეს რეალობაა და ამ სტატისტიკის მიხედვით, მძიმე დანაშაულებები ქვეყანაში წინა ხელისუფლების მმართველობასთან შედარებით შემცირდა 2,5-3-ჯერ. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში ვიმყოფებით და პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, რომ სიტუაცია დაძაბონ იმიტომ, რომ მთლიანად ამ წლების განმავლობაში ატარებენ ამ საინფორმაციო პოლიტიკას, რომ ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, აპოკალიფსია, ეკონომიკა იღუპება და ა.შ. თუ მივყვებით სტატისტიკას, მკვლელობის და ყაჩაღობის ფაქტები 2004 წლიდან 2012 წლამდე სულ გაშუქდა 15-20 ფაქტი მთელი 8 წლის განმავლობაში იმიტომ, რომ მთლიანად საინფორმაციო პოლიტიკას აკონტროლებდა წინა ხელისუფლება. თუ ყოველ მეორე და მესამე ნიუსად გავუშვებთ კრიმინალურ ფაქტებს, მაშინ მოსახლეობას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, მაგრამ რეალურად კრიმინალი ქვეყანაში არ გაზრდილა“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამასთან, სესიაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი შესაძლებლობებით ათი თავით მაღლა დგას წინა ხელისუფლების პოლიციურ სისტემაზე და ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დამნაშავეს პოლიცია აუცილებლად დაიჭერს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ იყოს უკეთესი მდგომარეობა, იყოს კრიმინალთან ბრძოლა, იყოს სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები, რაც კრიმინალს შეამცირებს და იყოს პროფესიონალური, ადეკვატური საგამოძიებო პროცესი. ამ მიმართულებით თუ სისტემურად გავყვებით “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. რა თქმა უნდა, გახსნის მაჩვენებლები უფრო მომატებულია, ვიდრე წინა წლებში და ეს ტენდენცია შენარჩუნებულია.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითაც გეტყვით, რომ ამ დამნაშავეს პოლიცია აუცილებლად დააკავებს. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი შესაძლებლობებით, ტექნიკური აღჭურვილობით, პროფესიული უნარ-ჩვევებით, ლაბორატორიით და პოლიტიკური ნებით ათი თავით მაღლა დგას, ვიდრე წინა ხელისუფლების პოლიციური სისტემა. ის პოლიციური სისტემა არ იყო, ის სისტემა აგებული იყო ერთი პირის ძალაუფლებაზე და ამ ძალაუფლების საკუთარი ინტერესით გამოყენებაზე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

წყარო