ზუგდიდში აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა, პოლიტიკოსებს ვთხოვდი პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას – ჩემი მხარდაჭერა ჩვენს პოლიციელებს

თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკოსებს სთხოვს ზუგდიდში გუშინ “საქართველოს ბანკზე” მომხდარი თავდასხმის შესახებ შეფასებებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ მან საკუთარ “ფეისბუკის” გვერდზე დაწერა.

“გუშინ ზუგდიდში აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა. სანამ ემოციები არ დაცხრება, ოპერაცია არ დასრულდება და ამ ფაქტით გამოწვეული საზოგადოების თუ მედიის დუღილის ტემპერატურა არ დაიწევს, მეც მოვერიდები და სხვა პოლიტიკოსებსაც ვთხოვდი პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას. ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა. გვიხარია, რომ თითოეული დაზარალებული – მძევლად აყვანილი ადამიანი მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში. მოდით მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს პოლიციელებს, რომელთა ძალისხმევით და გმირობით დადგა ეს შედეგი. გავამხნეოთ თითოეული მათგანი. ამ ადამიანებს ოპერაციის მეორე ეტაპი აქვთ დასასრულებელი და ჩვენი – საზოგადოების, ხელისუფლების, მედიის მხარდაჭერა და გამხნევება, საქმის ბოლომდე მისაყვანად დიდი სტიმული იქნება. ჩემი მხარდაჭერა ჩვენს პოლიციელებს!”- წერს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

წყარო