დავით ბერძენიშვილი: სამხარეოს უფროსის როლი რა იყო, ვიცით?

„სამხარეოს უფროსის როლი რა იყო, ვიცით? ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, ტყეში ტერორისტის მიყვანა და გაშვება უბრძანეს თუ?“ – წერს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

„ოკუპირებული ტერიტორიის იმ მონაკვეთზე, ქართული სპეცრაზმის ჩასაფრება არ უნდა ყოფილიყო ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის ბოლოს? სპეცოპერაციის ფინალს უნდა ველოდოთ უახლოეს საათებში თუ აღარ? სანამ არ გვაქვს პასუხი ამ კითხვებზე, საბოლოო დასკვნებიც ნაადრევია.

ტერორისტი თუ დაკავებული ან განადგურებული არ იქნება და “აორთქლდება”, ან ოკუპანტებთან სახვეწარი თუ ექნა, ასეთმა ხელისუფლებამ არჩევნები როგორ უნდა მოიგოს? მათ ხელში რომ სახელმწიფოს დღემდე მისიანების ნაწილიც კი ვეღარ დატოვებს, არათუ ჩვენ… ამდენიც აღარ იციან ბიძინამ და მისმა ქვეშევრდომებმა?“ – წერს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს – მისცეს თანხა, გამოუყვეს ვერტმფრენი და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

წყარო