“ერთპარტიული მმართველობა არ არის უკანონო და არ არის ანტიდემოკრატიული მმართველობა”

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთპარტიული მმართველობა დამღუპველი არაა და ამასთან დაკავშირებული აზრები მცდარია. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

“ერთპარტიული მმართველობა არ არის უკანონო და არ არის ანტიდემოკრატიული მმართველობა. თანამედროვე სამყარო არაერთ სისტემას იცნობს. მინდა გითხრათ, მცდარი აზრია, რომ თითქოს ერთპარტიული მმართველობა არის დამღუპველი”, —  ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით,  “ქართული ოცნების”  მმართველობის პერიოდი არის ერთადერთი პერიოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა ქვეყანაში არ მომხდარა ომი და არ დაკარგულა ტერიტორიები.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი საქართველოს არ ჰყოლია.

„გავიხსენოთ როგორი იყო წინა ხელისუფლების დემოკრატიულობა, მედიის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება და ა. შ. დღეს, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება. მთავარი მიღწევები, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოიტანა ჩვენი ქვეყნისათვის: პირველი ეს არის ჩვენი მოქალაქეების სრული თავისუფლება, რომელიც იყო სანატრელი 2012 წლამდე. მეორე არის მშვიდობა – მშვიდობამ დაისადგურა ქვეყანაში და ასევე, სტაბილურობა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

წყარო