ევროპარლამენტარების გამოსვლაში მკაფიოდ ჩანდა, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, მაგრამ კრიტიკულები არიან „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, ევროპარლამენტარები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ მკაფიოდ კრიტიკულები არიან. ბაქრაძის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ „ვითარება გარდამტეხი ცვლილებების მოტანისთვის მომწიფებულია ”.

„ევროპარლამენტის დოკუმენტში და ევროპარლამენტარების გამოსვლაში მკაფიოდ ჩანდა ტენდენცია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და ქართველ ხალხს, მაგრამ არიან ძალიან კრიტიკულები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. ეს არის ის მკაფიო ტენდენცია, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც, სტრასბურგშიც. ეს ტენდენცია მიანიშნებს, რომ ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად უნდა გახდეს გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები. გარდამტეხი ცვლილებები იმისთვის, რომ საქართველოში გამოსწორდეს ვითარება და აღარ გახდეს საჭირო ყველა ის კრიტიკული შენიშვნა, რომელიც დაფიქსირებულია ევროპარლამენტის დღევანდელ დოკუმენტში. ჩვენი მეგობრების განწყობა არის სრულიად ნათელი, საქართველოს და ქართველ ხალხს აქვს სრული მხარდაჭერა ევროპარლამენტში, „ქარული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულება არის ძალიან კრიტიკული და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის გარეთაც, ისე როგორც ქვეყნის შიგნით ვითარება არის მომწიფებული გარდამტეხი ცვლილებების მოტანისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში გამართული დებატებზე საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

წყარო