მოსამართლეების არჩევის კანონის ფართხა-ფურთხით მიღება უნდათ, რომელიც არაფრის მომცემია, ეს ხომ პირდაპირ დატუქსული ბავშვის ქცევაა?

დაჩქარებული წესით აინიცირებენ მოსამართლეების არჩევის კანონს, ერთი თვით ადრე ამ კანონის ფართხა-ფურთხით მიღება ხომ პირდაპირ დატუქსული ბავშვის ქცევაა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არასდროს ითვალისწინებდა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს თავის დროზე, სწორედ ამიტომ მათ მოგვიანებით უხდებოდათ უკან დახევა.

როგორც ბესელია ამბობს, განცხადებები, რომელიც კეთდება მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მხრიდან არის არა მხოლოდ ყურადსაღები, არამედ ეს უნდა იყოს გზავნილი, თუ რამდენად დიდია მოლოდინი და რამდენად გამადიდებელი შუშით აკვირდებიან ამ არჩევნებს ევროკავშირი და სტრატეგიული პარტნიორები.

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როცა ასეთი მკაფიო, ღია, ყოველგვარი შეფუთვის გარეშე კეთდება მინიშნება, რომ არჩევნები უნდა იყოს გზა ცვლილებების და ქართველ ხალხს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს შეცვალოს საკუთარი ხელისუფლება თუ ის არ მოწონს, რომ არჩევნებზე გავლენა არ უნდა მოახდინოს არც პოლიტიზებულმა მართლმსაჯულებამ და არც ფინანსურმა რესურსმა, რომელიც ჭარბად არის კონცენტრირებული მმართველი პარტიის ხელში, ეს არის ის გზავნილი, რომელზეც უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება და გაიაზროს, რომ თუ მას სურს არჩევნების ლეგიტიმაცია არ დადგეს ეჭვქვეშ, არჩევნები უნდა ჩაატაროს თავისუფალ და სამართლიან გარემოში,“- განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” არ აქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩაატაროს, რადგან ეს არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ დააყენებს.

„ბელორუსი არის ძალიან კარგი მაგალითი, როცა მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს, ეს არის იზოლაციის გზა, ეს არის გზა ყველაზე გამოუვალი მიმართულებით, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება რომ არჩევანის თავისუფლება საკუთარ ხალხს წაართვას. „ქართულ ოცნებას“ სხვა გზა არ აქვს, მან უნდა ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები, ან თუ ეს არ მოხდება ბუნებრივია არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დადგება ძალიან ღიად ეჭვქვეშ. ეს განცხადებები სხვა არაფერია თუ არა ღია გზავნილი. ასე არ უგდებდა ყურს მმართველი პარტია, როცა მართლმსაჯულების რეფორმაზე ესაუბრებოდნენ პარტნიორები, ჯიუტად გააგრძელეს ეს გზა და მივიღეთ ეს შეფასებები, რაც მივიღეთ და ახლა დაჩქარებული წესით აინიცირებენ მოსამართლეების არჩევის კანონს, ერთი თვით ადრე ამ კანონის ფართხა-ფურხით მიღება, რომელიც კოსმეტიკური და არაფრის მომცემია, ეს ხომ არის პირდაპირ დატუქსული ბავშვის ქცევა, რომელიც იძულებულია რაღაცას დაეთანხმოს და აჩვენოს უფროსს, რომ რაღაც უნდა გამოასწოროს. ეს ერთ რამეზე მეტყველებს, თავის დროზე არ ხდება საჭირო გადაწყვეტილებების მიღება და მოგვიანებით უწევს უკან დახევა, ამას კი აღარანაირი ფასი არ აქვს,“- განაცხადა ბესელიამ.

ცნობისათვის, უმრავლესობის წევრებმა ირაკლი კობახიძემ, რატი იონათამიშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ ბიუროს მიმართეს, რაზეც ბიურომ თანხმობა განაცხადა.

წყარო