შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი: არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის გ.მ.-ს უფლებადამცველი როსტომ კერესელიძე მცხეთის რაიონული სასამართლოს მხრიდან ადვოკატებისა და ბრალდებულების მიმართ დისკრიმინაციაზე საუბრობს.

„მცხეთის რაიონული სასამართლო მიჩვეულია ყველანაირ დისკრიმინაციას ადვოკატებისა და ბრალდებულების მიმართ, რაც გრძელდება დღესაც და გაგრძელდება სამომავლოდ, სულ მცირე ამ კვირაში, იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლემ მთელი კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ჩაგვინიშნა პროცესები, რაც არასრულწლოვნების უფლებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დარღვევაა, რომელიც ითვალისწინებს, რომ სასამართლო სხდომებს შორის უნდა იყოს გონივრული შესვენება, რათა არასრულწლოვნებს არ შეეზღუდოთ თავიანთი კანონიერი ინტერესი. მოსამართლე ვარაუდობს, რომ დღეს 9-10 საათამდე გააგრძოლოს არასრულწლოვნების პროცესი, სავარაუდოდ, ასე გააგრძელებს მთელ სასამართლო განხილვას, რაც პირდაპირ ზღუდავს ადვოკატებისა და არასრულწლოვნების უფლებებს. ამასთანავე, მთლიანად უგულებელყოფილია სასამართლო პროცესის სამუშაო რეჟიმი“,- განაცხადა როსტომ კერესელიძემ.

მისი განმარტებით, სასამართლო პროცესების მსგავსი დაჩქარებული რეჟიმი, იმით არის განპირობებული, რომ მოსამართლეს სურს პროცესი 6 თვის ვადაში დაასრულოს.

„უპირველესი მიზანი, ჩემი აზრით, ის არის, რომ როგორმე ჩაეტიოს ექვსთვიან საპატიმრო ვადაში სასამართლო და ამიტომ ჩქარობს… ასეთი რეაქტიული რეჟიმით ამიტომ ახორციელებს სასამართლო სხდომებს. შიში აქვს სასამართლოს, რომ გადასცდება 6-თვიან ვადას, ვინაიდან გამოსაკვლევია უამრავი მტკიცებულება და უამრავი მოწმეა გამოსაკითხი“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ დღევანდელი პროცესის დასრულების დრო გახანგრძლივდა, არასრულწლოვნები „გაუსაძლის მდგომარეობაში არიან“.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. პროკურატურამ საქმეზე დაკავებული „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

წყარო