სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად არის ნომერი მეორე პარტია, თუმცა 12% აქვს სააკაშვილს საქართველოში

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად არის ნომერი მეორე პარტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად არეულია.

„რაც შეეხება მათ საარჩევნო აგიტაციას – ყველანაირად, თავიდან ბოლომდე, არეულები არიან, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ სავარაუდოდ, ისინი 12%-საც ვერ მიიღებენ არჩევნებზე, რაც ბუნებრივია, ძალიან კარგი იქნება ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას, სადაც ის სამშობლოში დაბრუნებაზე საუბრობს, კობახიძის თქმით, მისთვის ეს განცხადება ღიმილის მომგვრელი იყო და სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

„მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე სერიოზული კომენტარი არ ღირს. თქვენ ნახავდით მის ჩანაწერს და აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია ის ტექსტი, რომლითაც გამოვიდა საკუთარი მხარდამჭერების წინაშე. არანაირი რესურსი არც სააკაშვილს და არც ვარშალომიძეს არ აქვს. 12% აქვს საქართველოში სააკაშვილს და 12% აქვს ვარშალომიძეს აჭარაში, ეს არის მისი რესურსი არჩევნებში, მეტი არაფერი. სამწუხაროდ, მათ ჯერ კიდევ მეორე ადგილი აქვთ რეიტინგში, თუმცა 12% გვაძლევს იმის ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ისინი თუნდაც ერთნიშნა მაჩვენებლით გამოვიდნენ ამ საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო