თუ საუბარი შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მზად ვართ შეხვედრისთვის – სხვა თემაზე საუბარი ვერ იქნება

თუ საუბარი შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ანუ იმ პირობას, რაც ივანიშვილმა და მისმა სამარცხვინო გუნდმა გავრილოვის ღამეს დაღვრილი სისხლის შემდეგ დადო, რა თქმა უნდა, მზად ვართ შეხვედრისთვის, – ასე გამოეხმაურა “ინტერპრესნიუსთან” “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება.

“სხვა თემაზე საუბარი ვერ იქნება, საუბარი შეიძლება ერთ თემაზე იყოს, რა პირობაც დადო და რაზეც საზოგადოებას უთხრა, ფეხებზე მკიდიხართო, იმის შესრულების გზებზე. საზოგადოების რეაქცია აიძულებს ბიძინა ივანიშვილს ან ეს შეურაცხყოფა უკან წაიღოს, ან ხელისუფლება თავზე ჩამოემხობა”, – განაცხდა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერია აცხადებს, რომ დღეს, საჯარო ბიბლიოთეკასთან მიმდინარე მოვლენებისას სამართალდამცავებმა უკანონო ბრძანება შეასრულეს.

“დღევანდელი სიტუაცია არის კიდევ ერთი მაგალითი, როცა პოლიციელებს უკანონო და სამარცხვინო ბრძანებებს ასრულებინებენ. ივანიშვილის სამარცხვინო „კლოუნებს“ შორის გამორჩეული „კლოუნის“, წულუკიანის კომფორტი ასეულმა პოლიციელმა უნდა დაიცვას იმის მაგივრად, რომ მათი საქმე აკეთონ”, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება. მისივე განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება მათ შორის, ე.წ. გერმანულ მოდელს.

წყარო