ჩემთვის ვიდექი და საერთოდ არაფერს ვაკეთებდი – უკანონოდ აღმიკვეთეს თავისუფლება

ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიორგი კანდელაკი, რომელიც მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობიდან განარიდეს, აქციაზე დაბრუნდა.

როგორც კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

„ჩემთვის ვიდექი და საერთოდ არაფერს არ ვაკეთებდი, ანუ მაინც უკანონოდ აღმიკვეთეს თავისუფლება. სამწუხაროდ, ჩვენი სამი მეგობარი, სამი აქტივისტი კვლავ დაკავებულია. ისინი კახეთის გზატკეცილზე წაიყვანეს. ეს არის აგონია, ასლან აბაშიძის ბოლო პერიოდს მაგონებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის აგონია.

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს პოლიციელებს უწევთ ამაზე მოცდენა და ასეთი უღირსი საქციელის ჩადენა. მე მათ მაგივრად მრცხვენია და ვიცი, რომ მათაც რცხვენიათ. ვიცი, რომ პოლიციაში არის დიდი უკმაყოფილება საკუთარი უფროსების მიმართ, პოლიტიკურად ანგაჟირებული უფროსების მიმართ, რომლებიც დააბრუნეს შევარდნაძის უღირსი პერიოდიდან. რიგით პოლიციელებს რცხვენიათ ამ ყველაფრის სამსახური და მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ივანიშვილი და საქართველო არის სხვადასხვა“, – განაცხადა კანდელაკმა.

მისივე თქმით, მის განრიდებამდე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.

„მე ვიდექი ფურცელაძის ქუჩის კუთხეში, რა დროსაც დამიჭირეს. ავლაბარში მიმიყვანეს. განგარიდესო, ასე მითხრეს. განრიდება ვითომ მათ ჰგონიათ, რომ კანონიერია, ესეც უკანონოა. არაფერი არ ხდებოდა საერთოდ იმ მომენტში,“ – აცხადებს კანდელაკი.

წყარო