ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო: ნანუკა ჟორჟოლიანმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები დაარღვია

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა ორგანიზაციამ “საფარმა” – “სხვა ნანუკას” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში საქმე მოუგო.

„ეს საქმეც მოვიგეთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ჟურნალისტები უფრო ეთიკურად გააშუქებენ ფემიციდის საქმეებს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ნანუკა ჟორჟოლიანმა დისკრიმინაციის წახალისების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები დაარღვია. სამოტივაციო ნაწილს ქარტია მოგვიანებით გამოაქვეყნებს” – წერს ბაია პატარაია.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი, ქარტიას საჩივრით კავშირმა “საფარმა”, გრიგოლ ჩიქოვანმა და ნინო ჩიქოვანმა მიმართეს. მხარეები სადავოდ ხდიდნენ მთავარ არხზე, 2020 წლის 11 მარტს გასულ გადაცემას “ნანუკას შოუს”, რომელიც ხაშურში 5 მარტს მომხდარ შემთხვევას – ყოფილი ქმრის მიერ, ცოლის ცივი იარაღით დაჭრას ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტის მიერ გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა (დანაშაულში ბრალდებული მამაკაცის დედამ) ისაუბრა მსხვერპლის ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე, პიროვნულ მახასიათებლებსა და ქცევებზე. შეინიშნებოდა სტერეოტიპების წამახალისებელი ტენდენცია და ხდებოდა არა მხოლოდ ქალის, არამედ ბავშვის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროვებაც.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანიც ეხმაურება და წერს, რომ ეს მისთვის „კარგი გაკვეთილია“:

„მეათე ნაწილის დარღვევას სრულად ვიზიარებთ. მე, ვერ მოვახერხე სათანადოდ სხვისი პირადი სივრცის დაცვა, მიუხედავად იმისა რომ რესპონდენტი არღვევდა მას.

მე, ვფიქრობთ რომ ნებისმიერი ადამიანის პირადი სივრცე უნდა იყოს ხელშეუხებელი და შესაბამისად, შევეცდებით ეს გამოცდილება იყოს კარგი გაკვეთილი.

რაც შეეხება მეშვიდე ნაწილს, ჩვენთვის ბუნდოვანია ეს ნაწილი, მაგრამ ქარტიის დასაბუთებას დაველოდებით” – წერს ჟორჟოლიანი.

წყარო