გერმანიის ელჩის ზოგიერთი შეფასება შეცდომის ნიშნებს ატარებს, თუმცა „შეცდომა მოსდის ყველას, მათ შორის, გამოცდილ დიპლომატებს“

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გერმანიის ელჩის რამდენიმე განცხადება შეცდომის ნიშნებს ატარებს, თუმცა „შეცდომა მოსდის ყველას, მათ შორის, გამოცდილ დიპლომატებს”.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველას და მათ შორის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გაიზიაროს ან არ გაიზიაროს ამა თუ იმ ადამიანის შეხედულება, მიუხედავად იმისა, რა რანგის მატარებელია ესა თუ ის პიროვნება, არის ელჩი თუ სხვა დიპლომატიური რანგის წარმომადგენელი.

„გერმანიის ელჩი, ჩემი შეხედულებით, არის ძალიან გამოცდილი ელჩი, თუმცა გარკვეულ ვითარებებთან დაკავშირებით, როგორიც იყო მაგალითად, 20 ივნისი, როდესაც ის უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან იყო პარლამენტის შენობაში, როდესაც იგეგმებოდა დარბევა მშვიდობიანი დემონსტრაციის, ასევე შეფასებები, რაც გააკეთა 2008 წლის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით, ამასთან, კილაძესთან დაკავშირებით შეფასება, ეს ყველაფერი ატარებდა შეცდომის ნიშნებს, მაგრამ შეცდომა მოსდის ყველას, მათ შორის გამოცდილ დიპლომატებს.

არ მახსენდება „ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წარმომადგენლის განცხადება, რომელიც არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს, არღვევს იმ ფარგლებს, რომელიც არსებობს ურთიერთობისთვის. ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებთან ჩვენ ყოველთვის გვაქვს უფლება არ დავეთანხმოთ კონკრეტულ გამონათქვამს ამა თუ იმ ელჩის და სწორედ ეს დავაფიქსირეთ, როდესაც ვაფასებდით გერმანიის ელჩის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, რაც შეეხებოდა 8 მარტის შეთანხმებას, როდესაც მან გარკვეულწილად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სხვა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, როდესაც განსხვავებული აზრი დააფიქსირა ამ საკითხზე. გერმანიის ელჩის აზრს არ დაეთანხმნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც მან შეფასება გააკეთა ქალბატონი სოფო კილაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით. რაც შეეხება 2008 წლის რუსეთის აგრესიას, როდესაც საქართველოს მართავს ხელისუფლება და ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ ადანაშაულებს საკუთარ სახელმწიფოს საომარი მოქმედებების დაწყებაში, ვფიქრობ, ეს გაცილებით დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე გერმანიის ელჩის მიერ დაფიქსირებული მოსაზრება ამ საკითხზე”,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადება გაავრცელა.

„ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ,”- აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო