ვინ აყენებს საფრთხის ქვეშ საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, საერთაშორისო პარტნიორისთვის უკვე ნათელია

საქართველო-ევროკავშირის კომიტეტში რეზოლუციის ჩავარდნას რეზოლუციის ჩავარდნის საკითხი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის შეშფოთებისა და ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი გახდა.

“ვინ აყენებს საფრთხის ქვეშ საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის უკვე ნათელია. მათ, სწორედ ამიტომ დაიწყეს ასე ღიად საუბარი იმაზე, რომ საჭიროა ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და ის, რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდეს, ნორმალური, დემოკრატიული, პროდასავლური კოალიციური ჯგუფი,” – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ.

პოლიტიკური დევნა, ოპოზიციაზე თავდასხმები – რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე რეზოლუციის ჩავარდნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ფაქტს ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას აბრალებენ.

“უკვე ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა. დღეს გვესმის თავდასხმები ოპოზიციაზე, თითქოს ჩვენი ბრალი იყოს ის, რომ დოკუმენტი ჩავარდა. სინამდვილეში ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, თავიდან ბოლომდე “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან უკვე ყოველ საათში ვიღებთ კრიტიკულ შეფასებებს,” – აღნიშნა, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია გუშინ, მას შემდეგ ჩავარდა რაც დოკუმენტის ტექსტზე ევროპარლამენტარები, “ქართული ოცნება” და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა. ევროპარლამენტარების ნაწილი და ქართული ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ დოკუმენტში ისეთი საკითხების შეტანას, როგორიცაა გიგი უგულავას დაკავება, 20 ივნისის მოვლენები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა, რასაც “ქართული ოცნება” შეეწინააღმდეგა. კონსენსუსის არარსებობის გამო რეზოლუცია საერთოდ არ მიიღეს.

წყარო