ჩემი კონსტიტუციური უფლებების აღდგენა უნდა მოხდეს – მაინტერესებს, რა დოზით არის საკონსტიტუციო სასამართლოზე ივანიშვილის გავლენა

მაინტერესებს, რა დოზით არის ბიძინა ივანიშვილის გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე, – ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

ნიკა მელია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

„პირველ რიგში, მაინტერესებს რამდენად გვაქვს ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლო და რამდენად არის მზად საკონსტიტუციო სასამართლო, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. არ მოგატყუებთ და გეტყვით, ჩემს პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი სურვილი არ მაქვს, ვიყო იმ ბატონების კოლეგა, რომლებიც არიან წარმოდგენილი „ქართულ ოცნებაში“. ჩემი კონსტიტუციური უფლება, როგორც პარლამენტის წევრის შეილახა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა აღსდგეს. კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პარლამენტარის გამოძევება პარლამენტიდან არის წარმოუდგენელი. კანონიერ ძალაში შესულად გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება, ვიდრე არ ამოიწურება გასაჩივრების ყველა შესაძლებლობა. მე რომ ახლა სააპელაციო სასამართლოში მოვიგო, სარჩელი რომლითაც მივმართე სააპელაციო სასამართლოს და ვასაჩივრებთ იმ დადგენილებას, რომლითაც მე გამომაგდეს პარლამენტიდან, არ არსებობს ინსტრუმენტი, რომლითაც მე დავბრუნდები პარლამენტში. ეს ინსტრუმენტი დევს აქ- საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩემზე კარგად იციან მოსამართლეებმა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მათ უნდა მიიღონ იმ დადგენილების გაუქმებაა, რის საფუძველზეც მე გამომაძევეს. ჩემი კონსტიტუციური უფლებების აღდგენა მოხდეს, ვიდრე გასაჩივრების პროცედურები არ ამოიწურება მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებში. მაინტერესებს, რა არგუმენტი ექნებათ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, აქამდე საკონსტიტუციო სასამართლოში ურთიერთობის არანაირი გამოცდილება არ მქონია, მინდა გავერკვე რა დოზით არის შემოსული ბიძინა ივანიშვილის გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოში. მე იმედი მაქვს, რომ პროფესიულ ღირსებას წინ დააყენებენ”, – განაცხადა ნიკა მელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში.

ნიკა მელიას სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განიხილება. ნიკა მელია დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ასაჩივრებს.

წყარო