ჩვენი სავაჭრო შეთავაზება ან მერკანტილური გარიგებისკენ მიმართული ინიციატივა არ არის – ერთადერთი ვერსია, რომელიც პარლამენტში მეტ პროპორციულობას უზრუნველყოფს

თუ 77/73-ის პირობებში „ქართული ოცნება“ გარანტირებულად იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, 100/50-ის პირობებში ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს ამას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე დასმულ კითხვას.

მისი თქმით, საარჩევნო მოდელი 100/50 არის ერთადერთი ვერსია, რომლის გარშემოც 113 ხმის შეგროვებაა შესაძლებელი

„საარჩევნო მოდელი 100/50 ჩვენი სავაჭრო შეთავაზება ან მერკანტილური გარიგებისკენ მიმართული ინიციატივა კი არ არის. ეს არის ერთადერთი ვერსია, რომლის გარშემოც 113 ხმის შეგროვებაა შესაძლებელი და რომელიც მეტ პროპორციულობას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია ამ შეთავაზებას დასთანხმდება. არსებითი განსხვავებაა 77/73-სა და 100/50-ს შორის. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ თუ 77/73-ის პირობებში „ქართული ოცნება“ გარანტირებულად იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, არსებული კვლევების შესაბამისად, 100/50-ის პირობებში ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. აქედან გამომდინარე, თუ პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია, ისინი აუცილებლად დასთანხმდებიან ჩვენს შეთავაზებას,“ – განაცხადა კობახიძემ.

წყარო